English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘ მზია შელიამირიან ტუხაშვილი
კახეთის მხარის მოსახლეობის დაბერება

ნაშრომის მიზანია მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერების კანონზომიერებებისა და რეგიონული თავისებურებების გამოვლენა კახეთის მხარეში. ამისათვის გაანალიზებულია რეგიონის მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურის ევოლუცია მეორე მსოფლიო ომისშემდგომ პერიოდში.
მოსახლეობის დაბერების პროცესის შესაფასებლად გამოყენებულია მოსახლეობის სიბერის დონისა და სიღრმის განმსაზღვრელი მაჩვენებლები, მისი შეფასების სკალა.
სტატიაში ნაჩვენებია პოსტსაბჭოთა პერიოდში გაზრდილი მიგრაციული ინტენსივობისა და შობადობის მყისიერი ვარდნის პირობებში მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურის დეფორმაციის კონკრეტული სურათი მთელი მხარისა და საზღვრის მიღმა მჭიდროდ დასახლებული მოსაზღვრე ქვეყნის რაიონების მეზობლად მდებარე ჩვენ ტერიტორიებზე, სადაც მთელი XX საუკუნის განმავლობაში ორგანიზებული ჩასახლებების მეოხებით ხდებოდა ტერიტორიის შევსება (ქიზიყი, ჰერეთი) მთიანი რეგიონებიდან გადმონაწილებული ეკომიგრანტებით. ანალიზმა გამოავლინა, რომ აქტიურ დემოგრაფიულ პოლიტიკასთან ერთად, რადიკალურად გასაფართოებელია დასაქმების სპექტრი, დასაჩქარებელია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რათა კახეთის მხარე ცხოვრების პირობებით მაქსიმალურად დაუახლოვდეს დედაქალაქს. ეს დადებითად იმოქმედებს სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაზე და შეაჩერებს რეგიონიდან ცალმხრივ მიგრაციას, შესაბამისად, მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურის დეფორმაციის პროცესს. არანაკლები მნიშვნელობა აქვს სასოფლო განსახლების რეკრეაციული პოტენციალის რეალიზაციასაც, რადგან ფასეულობათა იერარქიაში სულ უფრო წინა პლანზე იწევს საცხოვრებელ გარემოში რეკრეაციული ელემენტი.
საკვანძო სიტყვები: საქართველო, კახეთი, დემოგრაფიული დაბერება, ასაკი, დეპოპულაცია.

შესავალი


პოსტსაბჭოთა პერიოდში საქართველოს მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერების პროცესი დაჩქარდა. ქვეყნის მოსახლეობაში 60 წლისა და უფროსი კონტინგენტის წილი მეოთხედი გახდა. თუ XX საუკუნის 90-იან წლებში ამას განაპირობებდა სამოქალაქო ომითა და ეთნოკონფლიქტებით შექმნილი ეკონომიკური დეპრესია, ამჟამად ამის ძირითადი მიზეზია ინტენსიური ემიგრაციული პროცესი, რომლის ოპტიმიზაცია, სამწუხაროდ, დღემდე ვერ ხერხდება. საქართველოს მრავალი რეგიონული თავისებურების გამო, ქვეყნის მხარეთა დემოეკონომიკური განვითარებაც მკვეთრად განსხვავებულია. საჭირო ხდება დაბერების რეგიონული თავისებურების უფრო ღრმად შესწავლა და რეგიონული შრომის ბაზრების ფორმირებასა და ფუნქციონირებაზე დაბერების ზეგავლენის დადგენა.
ჩვენი ამოცანაა, განისაზღვროს კახეთის მხარეში მიმდინარე დემოგრაფიული პროცესების პარამეტრები, გამოვლინდეს დემოგრაფიული დაბერების ძირითადი ტენდენციები, შიგარეგიონული თავისებურებანი, შეფასდეს დაბერების გავლენა კახეთის მხარის შრომითი პოტენციალის ფორმირებასა და განაწილებაზე.

მეთოდოლოგია

თსუ-ის მიგრაციის კვლევის ცენტრში რეგიონის დემოეკონომიკური განვითარების კვლევა ახალი არაა. გამოქვეყნდა ნაშრომები საქართველო-თურქეთის საზღვრისპირა რეგიონების, ქვემო ქართლის, ჰერეთისა და ქიზიყის დემოგრაფიული განვითარების კანონზომიერებებსა და თავისებურებებზე. პანდემიამ შეაფერხა რეგიონული კვლევის განხორციელების ინტენსიურობა, თუმცა, არის მცდელობა, კვლავაც გაგრძელდეს რეგიონების დემოგრაფიული განვითარების შესწავლა. კვლევას ვაგრძელებთ კახეთის მხარით შემდეგი გარემოებების გამო:
ა) კახეთის მხარე საქართველოს მნიშვნელოვანი სასოფლო - სამეურნეო რეგიონია; გამოხატულია ლანდშტაფტური და კლიმატური კონტრასტები. ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურა ნაკლებადაა დივერსიფირებული, რაც შრომითი პოტენციალის გამოყენებაში მწვავე პრობლემებს ქმნის.
ბ) კახეთი ესაზღვრება რუსეთსა და აზერბაიჯანს და სხვა მხარეებისაგან განსხვავებით მასზე მოდის საქართველოს სახმელეთო საზღვრის ყველაზე მეტი წილი(35%); ეს ბევრ სპეციფიკურ პრობლემას ქმნის მისი განსახლების სისტემის ფუნქციონირებაში, დემოეკონომიკურ განვითარებაში.
გ) კახეთის ეთნიკური სტრუქტურა ჭრელია, რაც, თავისებურ გავლენას ახდენს რეგიონის დემოგრაფიული განვითარებაზე.
ჩვენს ნაშრომში დემოგრაფიული დაბერების პროცესი განსაზღვრულია და შეფასებულია მოსახლეობის სიბერის დონისა და სიღრმის მაჩვენებელთა სისტემით, გამოყენებულია როსეტ-ბოჟე გარნიეს სკალაც.
ნაშრომი ეყრდნობა მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოებული რეგიონული სტატისტიკის მასალებსა და ამ რეგიონის შესახებ ქართველ მკვლევართა სამეცნიერო - ანალიტიკურ შრომებს.

კვლევის შედეგები

საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა. ამ ფონზე აღსანიშნავია, რომ სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის საშუალო ფართობის მიხედვით, ყველაზე მსხვილი მეურნეობები კახეთშია (3,6ჰა) (სასოფლო სამეურნეო აღწერა, 2014). სტრატეგიული მნიშვნელობის მარცვლეულის - ხორბლისა და ქერის წარმოების თითქმის 80% კახეთზე მოდის. სიმინდის წარმოებით არ ჩამოუვარდება იმერეთს და ჩამორჩება მხოლოდ სამეგრელო ზემო სვანეთს. წამყვანი პოზიცია აქვს სხვა სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წარმოებაშიც, რომ აღარაფერი ვთქვათ ყურძნისა და ღვინის წარმოებაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო საქონელია (საქართველოს სოფლის მეურნეობა 2020. https://www.geostat.ge/media /38834/soflis_meurneoba_2020.pdf).
ამჟამად კახეთში 305 ათასი კაცი ცხოვრობს, რომელთაგან 77% სოფლადაა დამკვიდრებული. მისი მოსახლეობა ბოლო 20 წლის მანძილზე ბუნებრივი კლებით 55 ათასი კაცით შემცირდა. კახეთის მოსახლეობის რიცხობრივი კლება ახალი მოვლენა არაა. ეს პროცესი უფრო ადრე დაიწყო ბუნებრივი მოძრაობის ცვლილების გამო. კერძოდ, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დაწყებულმა შვილიანობის შემცირებამ მისი ასაკობრივი სტრუქტურის ძლიერი დეფორმაცია გამოიწვია. მცირეშვილიანობაზე გადასვლის პროცესი მეორე მსოფლიო ომის შემდგომაც დიდად არ შენელებულა, რისი შედეგიცაა ის, რომ 1959 წელს კახეთს უკვე გადალახული აქვს დემოგრაფიული სიბერის ზღვარი, მოსახლეობის სიბერის კოეფიციენტი 12,2%-ია(იხ. ცხრილი 1).

მოსახლეობის სიბერის მაჩვენებელთა ცვლილება კახეთის მხარეში
1959-2014 წწ.

 

განსაკუთრებით დაჩქარდა დეპოპულაციის პროცესი XX საუკუნის მიწურულს. თუ 1994-1999წწ. კახეთის მოსახლეობის საშუალოწლიური ბუნებრივი კლება 322 კაცია, 2000-2012 წლებში ის თითქმის 4-ჯერაა გაზრდილი(1247 კაცი)(დიაგრამა 1).

მოსახლოების ბუნებრივი კლების დინამიკა კახეთში 1994-2021წწ.

 

დიაგრამა 1.

ვფიქრობთ, ეს ამ რეგიონის ძირითადი დარგის, სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელოვანმა შეფერხებამ და, შესაბამისად, მოსახლეობის მცირეშემოსავლიანობამ განაპირობა, რამაც თავის მხრივ, ინტენსიური გახადა მოსახლეობის მიგრაცია, როგორც შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. განხილულ პერიოდში რეგიონმა საკმაოდ დიდი რაოდენობით სამუშაო ძალა დაკარგა. ბოლო ხანს სოფლის მეურნეობისადმი სახელმწიფოებრივი დამოკიდებულების პოლიტიკამ, ერთგვარად, შეანელა რეგიონის დეპოპულაციის პროცესი(საშუალო წლიური კლება 409 კაცია), თუმცა, ასაკობრივი დეფორმაციის უწყვეტი პროცესი კვლავ პრობლემად რჩება, გარდაცვალებათა მეტობა დაბადებულთა რიცხოვნობაზე აშკარადაა გამოხატული.
გარდაცვალების მიზეზების მიხედვით მოკვდაობის ანალიზმა გამოავლინა, რომ კახეთში, როგორც დანარჩენ საქართველოში, გარდაცვალების უპირველესი მიზეზი გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებია. ამას მოსდევს კიბო, სასუნთქი სისტემის დაავადებები, ტრავმები და მოწამვლები. პანდემიამ თავისი დააღი დაასვა ამ რეგიონსაც. 2021 წელს კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი მხოლოდ გულსისხლძარღვთა დაავადებებით გარდაცვლილთა რაოდენობას ჩამორჩება. აღსანიშნავია ისიც, რომ გარდაცვალების სხვა მიზეზებისაგან განსხვავებით, 2015 წლიდან მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა სასუნთქი გზების დაავადებებით გარდაცვალება(დიაგრამა 2).

კახეთის მხარის მოსახლეობის მოკვდაობა გარდაცვალების მიზეზების მიხედვით 2015-2021წწ.(კაცი)

დიაგრამა 2.

დემოგრაფიული განვითარების მოცემულ ფონზე, მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურა იმდენად დამახინჯდა, რომ მოსახლეობის საშუალო ასაკი 41 წელს გადასცდა. მიუხედავად ეთნიკური სიჭრელისა, ამჟამად ამ მხარის ყველა მუნიციპალიტეტში, დემოგრაფიული სიბერის ძალიან მაღალი დონეა ფიქსირებული(ცხრილი 2).

 

მოსახლეობის სიბერის დონის დინამიკა კახეთის მხარის მუნიციპალიტეტებში

ცხრილი 2.

ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ისტორიულ-ეთნოგრაფიული კუთხე - ქიზიყი: სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტები, სადაც ყოველი მესამე მკვიდრი უკვე 60 წლისა და უფროსი ასაკისაა. ეს მუნიციპალიტეტები დადგნენ იმ მუნიციპალიტეტთა რიგში, რომლებიც არა თუ დემოგრაფიულად დაბერებულ, არამედ „გადაბერებულად“ ითვლებიან. ამის კლასიკური მაგალითია რაჭის რეგიონი, კერძოდ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, რომელიც არა მარტო საქართველოში, 

არამედ მსოფლიო მასშტაბითაც გამორჩეულ ადგილად ითვლება. აქ მოსახლეობის მედიანური ასაკი 2014 წლის აღწერით, უკვე 55 წელია, მათ შორის, ქალებისა - 59 წელი (M. Shelia, 2017). სავარაუდოდ, ინტენსიური ემიგრაციული პროცესების დაურეგულირებლობის გამო, დემოგრაფიული სიბერის ეს მაჩვენებელი განუწყვეტლად მატულობს. იმის გათვალისწინებით, რომ დედოფლისწყარო გამოკვეთილად საზღვრისპირა მუნიციპალიტეტია, მოსახლეობის დაბერების მაღალი ტემპი აქ უაღრესად არასასურველი მოვლენაა და გასათვალისწინებელია მოსახლეობის განსახლების სისტემის სრულყოფის პროექტების შედგენისას.
კავკასია და, მათ შორის, საქართველო დღეგრძელობის რეგიონად ითვლება. საქართველოში ამ მხრივ გამორჩეულია რაჭა, თუმცა საქართველოს ჩრდილოეთ მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის შემდეგ, კახეთიც ხასიათდება 80 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის დიდი წილით 60 წლისა და უფროსი ასაკის მთელ მოსახლეობაში (17%) (ცხრილი 3). ამ მხრივ კიდევ უფრო გამორჩეულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, სადაც 60 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში ყოველი მეხუთე 80 წლისა და უფროსი ასაკისაა. ეს მიუთითებს მოსახლეობის დაბერების მეტ სიღრმეზე. რაც შეეხება 100 წლისა და უფრო მეტი ასაკის ადამიანების რაოდენობას, კახეთის მხარეში ასეთი მხოლოდ 16 კაცია.

 

 

დღეგრძელობის დონე კახეთში 2014წწ.

ცხრილი 3.

დასკვნა

ბოლო 80 წლის მანძილზე კახეთის მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურის ანალიზმა გამოავლინა, რომ ამ მხარეში მიმდინარეობს მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურის დეფორმაციის უწყვეტი პროცესი, რაც ვლინდება მოსახლეობის დაბერებით. შესაბამისად, იზრდება საპენსიო ასაკის მოსახლეობა, რაც განპირობებულია კახეთიდან მოსახლეობის ინტენსიური მიგრაციით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. არსებული ვითარება უარყოფითად აისახა სამუშაო ძალის მოთხოვნა-მიწოდების რეგიონულ ბალანსზე, მოსახლეობის აღწარმოების მაჩვენებლებზე.
კახეთის მხარეში, ქვეყნის სასაზღვრო რეგიონში, უწყვეტი დეპოპულაციის გამო შეიმჩნევა ადგილობრივი შრომისუნარიანი მოსახლეობის რიცხოვნობის პერმანენტული შემცირება. ეს განსაკუთრებით გამოიხატება საზღვრისპირა ტერიტორიებზე. ბოლომდე აუთვისებელი ტერიტორიები მჭიდროდ დასახლებული მოსაზღვრე ქვეყნების ე.წ. „დემოგრაფიულ დაწოლას“ განიცდის, რაც ამცირებს ქვეყნის დემოგრაფიულ და პოლიტიკურ თავდაცვისუნარიანობას. ამიტომ, დემოგრაფიული პოლიტიკის გააქტიურების გარდა, საჭიროა კახეთის მხარეში ეტაპობრივად გაგრძელდეს ორგანიზებული ჩასახლებები მცირემიწიანი, ნაკლებშემოსავლიანი, ეკოლოგიურად არამდგრადი რეგიონებიდან.
ვფიქრობთ, კახეთისაკენ მოსახლეობის გადაადგილების ხელშეწყობა უნდა იყოს ქვეყნის მიგრაციული პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულება. გარდა ამისა, უნდა დაჩქარდეს რეგიონის ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურის დივერსიფიკაცია. მხოლოდ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ორიენტაცია ვერ შექმნის დასაქმების ოპტიმალურ სპექტრს, არ შენელდება ზედმეტი ინტენსიურობის რეგიონგარეთა მიგრაცია.

ლიტერატურა:
• თოთაძე ა. (2014). კახეთის მოსახლეობა. უნივერსალი, თბილისი.
• კოლექტიური მონოგრაფია (2008). „კახეთის ბუნებრივი რესურსები და მისი გამოყენების პერსპექტივები“. თბილისი
• ლაზარიაშვილი თ. (2007). მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პრობლემები კახეთის მხარეში. უნივერსალი, თბილისი.
• საქართველოს სოფლის მეურნეობა 2020. https://www.geostat.ge/media/38834 /soflisme urneoba 5. _2020.pdf
• სასოფლო სამეურნეო აღწერა 2014. https://www.geostat.ge
• საქართველოს 1959, 1970, 1979, 1989, 2002, 2014 წლების საყოველთაო აღწერის მასალები. https://www.geostat.ge
• ტუხაშვილი მ.შელია მ.(2020). ქიზიყის მოსახლეობა: დინამიკა, სტრუქტურა, განსახლება. მიგრაცია #9, თსუ-ის გამომცემლობა, გვ. 122-1428.
• ტუხაშვილი მ. (2021). ჰერეთის მოსახლეობა: დინამიკა და ეთნოსტრუქტურა. ჟ. მიგრაცია. #10. გვ.137-148
• წულუკიძე მ.;, სუხაშვილი გ., ცინცაბაძე ჯ., ცაავა ხ.(2021). გაუდაბნოება კახეთში – უქმნის თუ არა იგი საფრთხეს კახეთის სოფლის მეურნეობას?I. ISETეკონომისტი et-pi.ge/ka/blog/3036-gaudabnoeba-kaxetshi-uqmnis-tu-ara-igi-saphrtxes-kaxetis-sophlis-meurneobasin-kakheti-a-threat-to-kakhetian-agriculture
• Shelia M. (2017). Ageing of Population in a Transitional Society: Case of Georgia. European Journal of Social and Human Sciences, 4(2). URL: http://ejshs. net /journals_n/15 07124275.pdf

 

Keywords: Georgia, Kakheti, Demographic aging, Age, Depopulation.
JEL Codes: J10, J11, J14